რუსეთი საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 3 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გამო თბილისი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დოკუმენტი „კონსენსუსს მოკლებულია“, „გასაოცრად მიკერძოებულია და რეალობასთან აცდენის გამო აბსურდსაც კი აღწევს“. „დოკუმენტში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის არარსებულ მიკუთვნებაზეა საუბარი; ხორციელდება მცდელობა, რომ რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოსა და ოდესღაც მის შემადგენლობაში მყოფ ამ რესპუბლიკებს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობებზე, იქ არსებულ შიდა სიტუაციაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.„თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით კვლავ აგრძელებს საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ-პროპაგანდისტული არაფრისმთქმელი ბრალდებების კეთებას, რომელთა ერთადერთი მიზანიც იმის დაკანონებაა, რომ საქართველოს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთიობების დალაგება არ სურს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.„ამ სიტუაციაში, საჭიროა სერიოზულად დაფიქრება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების არსებულ ფორმატში გაგრძელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თანათავმჯდომარეობენ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მიზნით 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მასში ასევე მონაწილეობენ თბილისის და მოსკოვის, ასევე ცხინვალის და სოხუმის (როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის) წარმომადგენლები.