ევროკომისარი ჰანი საქართველოს სტუმრობდა
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, რომელიც თბილისს 5 მაისს სტუმრობდა, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, სადაც ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მზადების საკითხები განიხილა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკომისარი მიესალმა 28 მარტს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სრულ ამოქმედებას. „მე მითხრეს, რომ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტმა ქართველმა უკვე გამოიყენა ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა; ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც იქნება ის გამოყენებული ისე, როგორც ვგეგმავდით“, – განაცხადა ჰანმა.
ევროკომისარმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების შემდგომი განხორციელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის. ჰანი მიესალმა საქართველოს „შთამბეჭდავ“ რეფორმებს და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად და აგრძელებს მუშაობას „დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის გაძლიერების და კარგი მმართველობის უზრუნველყოფისთვის“.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის „სრული მხარდარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კონფლქიტის მოგვარებას „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის საფუძველზე ემხრობა.
ევროკომისარმა ჰანმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესიც განიხილეს. ჰანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ღია და ფართომასშტაბიან სახალხო განხილვებში ჩაერთოს და ასევე დიალოგი აწამოოს ოპოზიციურ ძალებთან.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც გაუწევს საქართველოს დახმარებას რეფორმებში და დასძინა: „შეთანხმება, რომელსაც ახლა [ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ საკითხებში] სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან მოვაწერეთ ხელი ამის დასტურია. ის დაეხმარება ქვეყანას, რომ ევროპულ წესებთან შესაბამისობაში მოვიდეს ენერგეტიკის, ვაჭრობის ხელშეწყობის, საჯარო შესყიდვების და საბანკო მომსახურებების სფეროებში“. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირმა 83 მილიონი ლარი გამოუყო საქართველოს უწყებებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ვალდებულებათა შესრულებაში დასახმარებლად.
ჰანმა ასევე დააანონსა ევროკავშირის ორი პროგრამა, რომლებშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ესაა „შემოქმედებითი ევროპა“, რომელიც კულტურისა და კრეატიული მრეწველობის მხარდასაჭერად შეიქმნა და „ჰორიზონტი 2020“, რომელიც კვლევებს და ინოვაციებს ეხება. ევროკომისარმა განაცხადა, რომ „ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოვებს“.
კვირიკაშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დასასრულს ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული პროექტები საქართველოში არის „სიმბოლო, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ [ევროკავშირის] ძლიერი ერთგულებისა“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
5 მაისს ევროკომისარ ჰანსა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის გამართული შეხვედრების ერთ-ერთი თემა ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტისთვის მზადება იყო.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უნდა იყოს „მომავლის ხედვაზე ორიენტირებული“ და ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი.
„პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ევროკომისარმა განაცხადა, რომ „პირველად, ჩვენ შევთავაზეთ და წარმოვადგინეთ იმ კონკრეტული შედეგების სია, რომლის ნახვასაც ვისურვებდით. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა სამიტზე, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, სამიტის შემდეგ რა გზაა დასახული წინ არა იმისათვის, რომ ერთი სამიტიდან მეორემდე ვიაროთ, არამედ იმისათვის, რომ შემდგომი პერსპექტივა დავსახოთ მომდევნო საუკუნისკენ“.
ჰანის თქმით, მას სჯერა, რომ დადგა დრო, რომ „კონკრეტულ პროექტებზე მოხდეს ფოკუსირება, რომლის დროსაც საქართველოსთან ევროკავშირის უფრო ახლო ურთიერთობების მიმართ ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდება“.
ევროპული სკოლა
ევროპული სკოლა 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება და ის საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდებს დაეხმარება, რომ ევროპულ კულტურას და ღირებულებებს გაეცნონ და ევროპულ უნივერსიტეტებთან მარტივი წვდომა დაამყარონ.
„ევროპული სკოლა მკაფიო პრიორიტეტია ევროკომისიისთვის და საქართველოს მთავრობისთვის, და მინდა ვაღიარო, პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა ჰანმა 5 მაისის პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სკოლა საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც საქართველო შეირჩა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროპას შორის. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ თუ პროექტი წარმატებული იქნება საქართველოში, „ჩვენ მას გამოვიყენებთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც და არა მხოლოდ ევროპაში“.
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი ჰანი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.