საქართველოს ლიდერებმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

საქართველოს  ოფიციალური პირები მსოფლიო ლიდერებს შეუერთდნენ და ემანუელ მაკრონს 7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცეს. 

„ვულოცავ ემანუელ მაკრონს და საფრანგეთს. მოუთმენლად ველი ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გვიან ღამით Twitter-ზე. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასევე გამოეხმაურა მაკრონის გამარჯვებას Twitter-ზე.  „ვულოცავ ახალარჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთის და ევროპის მხარდასაჭერად“.

მარგველაშვილმა თავის ვებგვერდზე მოკლე მილოცვაც გამოაქვეყნა.
 
„დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა თქვენდამი განსაკუთრებული ნდობა და სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში. 

„ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის. თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობა კიდევ უფრო წარმოაჩენს და გააძლიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და საპატიო მისიას“, – წერს მარგველაშვილი.

„ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

„ჩვენ ვაძლიერებთ  ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.