არასამთავრობოები მანდატების ‘სამართლიან’ გადანაწილებას ითხოვენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა 85-მა ორგანიზაციამ 6 მაისს საქართველოს პარლამენტს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მანდატების გადანაწილების ახალი წესი „უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას“.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ხოლო იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, გამარჯვებული პარტია მიიღებს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხმები პროპორციულად გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომელთაც ბარიერი გადალახეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა“.
„თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი – თანასწორობის პრინციპი“, – ნათქვამია მიმართვაში.
„როგორც ისტორიული გამოცდილება მოწმობს, 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ორგანიზაციები ასევე ეწინააღმდეგებიან საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში, მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას“.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტს, რომ „პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან და გამოყენებული იქნეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი და საარჩევნო ზღურბლი შემცირდეს 3 პროცენტამდე“.
This post is also available in: English (ინგლისური)