პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა კრემლის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფი „ღამის მგლები“, რომელიც თბილისში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდა, საქართველოში არ შემოუშვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების,  ე.წ. „ღამის მგლების“ ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ. როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს. შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების – „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა“, – განუცხადა სამინისტრომ Civil.ge-ს 9 მაისს.

„უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს“, – განაცხადა სამინისტრომ.

თუმცა, სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოში ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, დაახლოებით 2-3 ბაიკერი შემოვიდა. სამინისტრო, სავარაუდოდ, იმ ბაიკერებს გულისხმობდა, რომლებიც 9 მაისს ვაკის პარკში გამოჩნდნენ, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალია განთავსებული  და სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოველ წელს იკრიბებიან, ომის დასრულების წლისთავის აღსანიშნავად.

„ღამის მგლები“ კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი საქმიანობის და ღონისძიებების განხორციელებით არიან ცნობილი, მათ შორის რუსეთის საზღვრებს მიღმა.

რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულმა კავშირმა, რომელიც საქართველოში კრემლის მხარდამჭერი ჯგუფია, 27 აპრილს განაცხადა, რომ მათ მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ „ღამის მგლებთან“ თბილისში 9 მაისის აღნიშვნის თვალსაზრისით. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ ისინი „ღამის მგლების“ ლიდერის, ალექსანდრ ზალდოსტანოვის ჩამოსვლასაც ელოდნენ თბილისში.

ამ ინფორმაციას საზოგადოების გამოხმაურება მოყვა; საქართველოს მოქალაქეებმა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ვებგვერდებზე პროტესტი გამოთქვეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ არ დაეშვა ქვეყანაში „ღამის მგლების“ შემოსვლა.

28 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ „ღამის მგლების“ დაგეგმილი ვიზიტის საკითხს სამინისტროს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც განსაზღვრავს ბაიკერების მიერ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყნის ინტერესებს.

მოგვიანებით, ხუციშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ სამინისტრომ რუსი ბაიკერების საქართველოში სტუმრობა „არასასურველად“ მიიჩნია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბაიკერთა კლუბის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები „არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას და სწორედ ამის გამო ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია“.

2 მაისს რამდენიმე რუსმა მოტოციკლისტმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოში არ შეუშვეს; მათივე თქმით, დაახლოებით 50 ადამიანი იგივე პრობლემის წინაშე დადგა. მოტოციკლიტისტების თქმით, მათ იცოდნენ, რომ მაისის დღესასწაულების დასრულებამდე საქართველოში არ შეუშვებდნენ და აღნიშნეს, რომ შესვლის აკრძალვა ავტომატურად ყველა ბაიკერს შეეხო.

3 მაისს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა: „არ მოდიან, დამშვიდდით“.

მანამდე „ღამის მგლების“ პრესმდივანმა ანა კომაროვამ 2 მაისს განაცხადა, რომ რუსი ბაიკერები შესაძლოა საერთოდ ვერ ჩავიდნენ წელს საქართველოში. მისი თქმით, ალექსანდრე ზალდოსტანოვს უნდოდა საქართველოში ჩასვლა, თუმცა ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს ალექსანდრე ზახარჩენკოს დაპირდა იქ ჩასვლას და ამას გარდა, მას 6 მაისს სანკტ-პეტერბურგშიც ელოდნენ.