მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტს საქართველოში კრიტიკა მოყვა
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ქართული საზოგადოების კრიტიკა მოყვა.
წარსულში ლუჟკოვმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლას კრძალავს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ამ ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. მიუხედავად ამისა, ლუჟკოვი თავისუფლად შემოვიდა საქართველოში და რამდენიმე დღით დარჩა.
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას ლუჟკოვის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოსთხოვეს კანონის დარღვევის გამო. საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელებშიც გამოხატა გულისწყრომა ქვეყანაში ლუჟკოვის დაუბრკოლებელი შემოსვლის გამო.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს 8 მაისს განუცხადა , რომ ლუჟკოვი „შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ ყოფილა და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“.
9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა, რომლის თანახმადაც „შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა“.
ამავე განმარტების თანახმად, „აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს“, მაშინ როცა ამ დარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. ამიტომაც, „შსს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება“, – განმარტავს სამინისტრო.
იური ლუჟკოვი ცხინვალს 2009 წელს, ხოლო აფხაზეთს 2010 წელს სტუმრობდა. 2009 წელს ცხინვალში ვიზიტის ფარგლებში ლუჟკოვმა ახალი დასახლება, ე.წ. მოსკოვის კვარტალი გახსნა, რომელიც მოსკოვის მერიის 2.5 მლრდ რუბლის (დაახლოებით, 78.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის დაფინანსებით აშენდა ქართული სოფლის თამარაშენის ტერიტორიაზე, საიდანაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველები გამოდევნეს.
This post is also available in: English (ინგლისური)