საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ჟონგ შანმა 13 მაისს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების სფეროებში ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
„ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი პერმანენტულად გვეზრდება. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდ ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში, რადგან ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მიმზიდველი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის“, – განაცხადა გახარიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აჰყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც გახარიას ჩინეთში ახლდა.
Moving towards a higher level of Cooperation: Free #Trade Agreement between #Georgia and #China has been signed. #SilkRoad pic.twitter.com/f3Mxo2Yexb
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) May 13, 2017
მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევა (სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში), საქართველოსთვის ჩინური პროდუქციის 96,5% მაშინვე გათავისუფლდება გადასახადებისგან; ჩინეთში იმპორტისას კი ქართული პროდუქციის დაახლოებით 90,9% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ხოლო კიდევ 3%-ს მომდევნო 5 წელიწადში მოეხსნება გადასახადები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2015 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2016 წლის ოქტომბერში წარმატებით დაასრულეს, რის შედეგადაც ხელი მოეწერა ევრაზიის რეგიონში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის პირველ შეთანხმებას.
2016 წელს ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 717 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და 170 მილიონი აშშ დოლარი გახდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 7%-ით შემცირდა და 547 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური)