გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელმა საბჭომ 12 მაისს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციაში და ესპანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018-2021 წლების ვადით ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე აირჩია.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარედგინება რატიფიკაციისთვის, რომლის 22-ე სესიაც 11-16 სექტემბერს ჩინეთში გაიმართება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი თიბისი ბანკში მუშაობდა, სანამ 2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდებოდა; ერთი წლის შემდეგ ის საქართველოს ელჩად დაინიშნა ესპანეთში, სადაც 2009 წლამდე იმსახურა, სანამ ეკონომიკის მინისტრი გახდებოდა. აღნიშნული პოსტი პოლოლიკაშვილს 2010 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც 2012 წელს კვლავ დაინიშნა ესპანეთში საქართველოს ელჩად. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 157 წევრ ქვეყანას, 6 ასოცირებულ და 500 აფილირებულ წევრს აერთიანებს, რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურიზმის ასოციაციებს და ტურიზმის ადგილობრივ სტრუქტურებს წარმოადგენენ.