სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში ბოლო ვაკანტური ადგილიც შეივსო

ლეონიდ ჩამაგუა ბოლო დეპუტატია, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის ახალარჩეულ პარლამენტში 14 მაისს აირჩიეს, აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

გუდაუთის ოლქის 1389 ამომრჩეველმა ლეონიდ ჩამაგუას კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ხოლო მისმა ერთადერთმა ოპონენტმა, ლეონიდ ლაკერბაიამ, სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მხოლოდ 1169 ხმა მიიღო.

12 მარტს და 26 მარტს გამართული არჩევნების ორი რაუნდის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის 35 ადგილიდან 34 შეივსო. გუდაუთის საარჩევნო ოლქში კი განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.

ლეონიდ ჩამაგუა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 1992-1993 წლების კონფლიქტში მონაწილეობდა. ის პარლამენტის წევრი 2012 წლის მარტში გახდა. იგი სოციალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

აფხაზი დეპუტატები ხუთწლიანი ვადით მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან.

სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.