ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებით უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

მოსკოვმა და ცხინვალმა 12 მაისს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე ნოტები გაცვალეს.

ცერემონიას 12 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაესწრო.

პენსიების დაფინანსების შესახებ ვალდებულება რუსეთმა იმ ხელშეკრულებით აიღო, რომელსაც ცხინვალის ხელმძღვანელობასთან მოსკოვში 2016 წლის 25 ნოემბერს მოეწერა ხელი, ხოლო რუსეთის ფედერაციის საბჭომ მისი რატიფიცირება 2017 წლის 3 აპრილს მოახდინა.

შედეგად, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის პენსიების რაოდენობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის პენსიების დონეს გაუთანაბრდება, რაც რუსეთის მთავრობის თქმით, 10,410 რუსულ რუბლს შეადგენს (185 აშშ დოლარი 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით).

ნოტების გაცვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოსკოვმა ორი ბრძანება გამოაქვეყნა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საჯარო მოსამსახურეების ხელფასებთან დაკავშირებით.

2017 წლის 15 აპრილს, რუსეთის მთავრობამ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო და მუნიციპალური სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ხელფასების „თანადაფინანსების“ შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა. ერთი დღით ადრე, 14 აპრილს, მოსკოვმა ანალოგიური ბრძანება გამოაქვეყნა აფხაზეთთან მიმართებაში. ორივე ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აწერს ხელს.

დოკუმენტების თანახმად, ისინი რუსეთის შრომის სამინისტრომ მოამზადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „სხვა დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოებთან“ თანამშრომლობით.

ორი დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის მიერ დასაფინანსებელი ხელფასების რაოდენობა თანამშრომელთა კატეგორიების მიერ განსხვავდება 11,200-დან (199 აშშ დოლარი) 24,300 (432 აშშ დოლარი) რუსულ რუბლამდე ცხინვალის რეგიონისთვის და 6,207-დან (110 აშშ დოლარი) 15,691 (279 აშშ დოლარი) რუბლამდე აფხაზეთისთვის.