თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა

თბილისში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც 15 მაისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

განხილვის ჩაშლის მიზეზი თბილისის ფილარმონიის დარბაზში შეკრებილი ათობით ადამიანის პროტესტი გახდა, რომელთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ.

ახალგაზრდების ერთი ნაწილი კონსტიტუციის პროექტში მიწის საკითხთან დაკავშირებით ჩანაწერის გამო გამოხატავდა პროტესტს, ხოლო მეორე ნაწილი – სოლიდარობას უცხადებდა გასულ კვირას ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხევის დროს დაღუპული ოთხი მეშახტის ახლობლებს და ხელისუფლებას მუშათა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას ხელმძღვანელობს, ფილარმონიაში შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა დარბაზში მყოფთა ნაწილი კვლავ აგრძელებდა შეძახილებს. ისინი სკნადირებდნენ „კონსტიტუცია ხალხს“, „დაიცავი მეშახტის სიცოცხლე“, ზოგიერთს კი პლაკატები ჰქონდა გაშლილი წარწერით „აიკრძალოს ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა“.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ მაღაროელებს. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას გთხოვთ, ახალგაზრდებო, აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება იმსჯელოს კონსტიტუციაზე, გაიგონ იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მას ქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმებოდა „პროვოკაცია“.

„თუ თქვენი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში, მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ პროვოკაციებისგან შეიკავოთ თავი“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა ირაკლი კობახიძის გამონათქვამს, როცა მან ახალგაზრდებს „კომუნისტები“ უწოდა.

„სამწუხაროა, რომ რამდენიმე ახლაგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს საქართველოს კონსტიტუცია. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა, ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფილარმონიის სცენიდან და განაგრძო, – „ახალგაზრდებო, მე მინდა დაადგეთ იმ გზას, რა გზასაც დაადგა ილია ჭავჭავაძე. ეს არის სწავლის გზა, ეს არის განათლების გზა, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა და ეს არ არის სწორი არჩევანი… მოგიწოდებთ, იაროთ ცოდნის გზით, სწავლის გზით… ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება. კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა…ამ გზას ჩვენ არასოდეს დაუბრუნდებით“.

მოგვიანებით დეპუტატმა მმართველი გუნდიდან მამუკა მდინარაძემ დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის და საკუთარი პროტესტის გამოთქმის საშუალება მისცა.

„აქ დგას საკითხი აბსოლუტურად მარტივად – თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ, რომელსაც გასულ წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მის მიერვე გაჟღერებულ ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამაზე უპასუხა, რომ „ეს არის ტყუილი“ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს საკითხი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოგვარდეს.

„დღეს ტყიბულში მიმდინარე პროცესების შემდეგ თქვენ უბრალოდ უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ფასადურ სოლიდარობაზე, თქვენ უბრალოდ უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ხალხის სახელით, რადგან თქვენი ხმა არის ელიტების ხმა. ჩვენ არ ვაპირებთ უფლება მოგცეთ ამ შეხვედრის ჩატარების. ამ მასკარადს ჩვენ თქვენ არ დაადგმევინებთ“, – განაცხადა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.

40-წუთიანი კამათის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა დახურულად გამოაცხადა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად და როდის გაიმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში. ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ათ ქალაქში.