პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია

საქართველოს პარლამენტმა 18 მაისის სხდომაზე სახელმწიფოს მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელა.

საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ინციდენტი 12 მაისს, თბილისში, ერთ-ერთ ბარში მოხდა. სახელმწიფო აუდიტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ლაშა თორდიამ მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქმე თბილისის მერიის მხრიდან გაცემულ მიწის ნაკვეთებს ეხება, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი იკვეთება და საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების, „ევროპული საქართველოს“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების“ ინიცირებული იყო და საკითხი 18 მაისს, სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ წარადგინა.

„გთავაზობთ შეიქმნეს საგამოძიებო კომისია, გამოძიებულ იქნას ყოფილი მთავარი პროკურორის კონკრეტული დანაშაულებრივი სავარაუდო ქმედება, იყო თუ არა ეს მის მიერ ჩადენილი, იყო თუ არა ეს დანაშაულის ნიშნების შემცველი, შესწავლილი იქნას, რა გარიგებაში შევიდა თბილისის მერია ბატონ ფარცხალაძესთან, რა საკითხს სწავლობდა ქვეყნის გენერალური აუდიტორი“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლილსას ირაკლი აბესაძემ.

კომისიის შექმნა ნაადრევად მიიჩნიეს უმრავლესობის წევრებმა და განაცხადეს, რომ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ თუ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები, შესაძლებელი იქნება კომისიის შექმნაზე მსჯელობა.

„ჩვენ შევქმნით კომისიას იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება", – განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ჯერ გამოძიებას დაველოდოთ… ვფიქრობ, რომ ეს თემა, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და იქნება პარლამენტის მხრიდან სათანადო რეაგირება. უბრალოდ გამოძიებას აქვს თავისი ვადები… გონივრულ ვადებში ჩვენ ყველანი დაველოდებით თუ როგორ შედეგებს დადებს გამოძიება“, – განაცხადა საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

„კარგად გესმით ობიექტური აუცილებლობა საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ არ გაქვთ შესაძლებლობა და უფლება მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციით და რეგლამენტით თქვენი მისაღებია. აი ეს არის არაფორმალური მმართველობის ის მავნე შედეგები, რაზეც გესაუბრებით და ამას ძალიან თვალნათლივ ხედავს საზოგადოებაც, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ დასკვნით სიტყვაში.

აღნიშნული ინციდენტის და საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის თაობაზე კომენტარი 17 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ საკითხი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ხოლო „კომისია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი გამოძიება არ დადებს შესაბამის შედეგს“.