ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა, სადაც პატივისცემა გამოხატა საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს „მტკიცე ერთგულების“ მიმართ და წუხილი გამოთქვა იმ „უზარმაზარი მსხვერპლის“ გამო, რომელიც ქვეყანამ ავღანეთში გაიღო. 

„თქვენი ქვეყნის წვლილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პარტნიორობის სიძლიერის მაგალითს წარმოადგენს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20 მაისს გამოაქვეყნა.

„მე დიდი პატივით მოვისმინე თქვენი შთამბეჭდავი და კარგად დასაბუთებული პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებზე“, – წერს მატისი, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც 16 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა.

„ცვლილებები მართალია რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის“, – განაცხადა მატისმა და დასძინა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი „მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების გზაზე“. „მოგიწოდებთ, რომ თქვენს მიერ არჩეული კურსის მიმართ ერთგულება შეინარჩუნოთ“, – ნათქვამია წერილში.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. „ჩემთვის პატივია, იმედები დავამყარო თქვენს ქვეყანაზე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე და ველი ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას“, – დასძინა მატისმა.

This post is also available in: English (ინგლისური)