რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ

ორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის – რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების – ლიდერებმა 22 მაისს დაადასტურეს, რომ პარტიები ერთობლივი ძალებით გეგმავენ 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა Civil.ge-ს 22 მაისს, რომ ამჟამად ორი პარტია თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციის რეჟიმში იმყოფება და შედეგებს უახლოეს დღეეებში გაახმოვანებს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენ და თავისუფალ დემოკრატებს შორის; იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება თანამშრომლობის და თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია  და ასევე ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი იდეოლოგიის და ხედვის პარტიები ერთიანობით გაძლიერდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები დადებითად და წარმატებით დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ძალიან მალე საზოგადოებას უკვე დადასტურებულად ვუთხრათ, როგორი იქნება ჩვენი საარჩევნო სტრატეგია“, – განაცხადა სამნიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ორ პარტიას შორის მოლაპარაკებები „რაღაც პერიოდია მიმდინარეობს“. „ბუნებრივია პროცესს  სჭირდებოდა პარტიებს შიგნით ვითარების შესწავლა, წევრებთან შეხვედრა, მხარდამჭერებთან საუბარი  და ამ ყველაფერმა უკვე მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ შემიძლია დაგიდასტუროთ მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ ვერ გიდასტურებთ ჯერ ამ მოლაპარაკებების შედეგებს“, – განაცხადა მან.

სამნიძემ ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებთან აქვთ მოლაპარაკებები. „ამ ეტაპზე ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენი იდეოლოგიის მქონე პარტიასთან. ჩვენ ვართ ერთი ევროპულ-ლიბერალური ოჯახის წევრი, ჩვენ გვაქვს მსგავსი ხედვები“, – დასძინა მან.

22 მაისს Civil.ge-სთან საუბრისას თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ პარტიები კონსულტაციების დასრულებას 10 დღეში გეგმავენ. მან ასევე განაცხადა, რომ „ნაადრევია“ ჯერ გაერთიანებაზე საუბარი. „დღეს კონსულტაციებს ვიწყებთ რესპუბლიკურ პარტიასთან სწორედ ამ მიზნით, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები, რამდენად შეგვიძლია ერთად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა გოგუაძემ. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, [საპარლამენტო] არჩევნების მერე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ უნდა მოვახდინოთ ძალების კონცენტრაცია. რესპუბლიკურ პარტიას და ჩვენ გვაახლოვებს მსგავსი იდეოლოგია და დასავლური ორიენტაცია, ასევე საერთო ბიოგრაფია ბრძოლის როგორც  ნაციონალების ხელისუფლებასთან, ახლა უკვე ოცნების. ასე რომ, ძალიან ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, რომ ჩვენ გავერთიანდეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ – განაცხადა გოგუაძემ. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი „საკმაოდ რთულია, ყველა პარტიას აქვს თავისი ინტერესი“, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომელთაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში მიიღეს მონაწილეობა, 2016 წელს დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, რადგანაც ხმების მხოლოდ 4.63% და 1.55% მიიღეს, შესაბამისად.

არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ორივე პარტია რამდენიმე წამყვანმა წევრმა დატოვა, მათ შორის ლიდერებმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკური პარტია (2007 წლიდან) და თავისუფალი დემოკრატები (2012 წლიდან) ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) სრულუფლებიანი წევრები არიან.