აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობს, 22 მაისს თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის ერთობლივ წვრთნებზე, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს 23 მაისის ბათუმში დაგეგმილი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის შესახებ.   

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში, რომ მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები „სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პოტენციური სფეროების, სამხედრო მედიცინის და სამხედრო განათლების სფეროებში, ასევე საერთო ინტერესების მქონე სხვა საკითხებზე“.  

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „აკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობა“ და „მნიშვნელოვანია , რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე სამმხრივ ურთიერთობის ფორმატში გაძლიერდეს მომავალშიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის და იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებისათვის, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაისახეს მიზნად“. 

იზორიამ თავდაცვის მინისტერიალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თანამშრომლობის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და მზარდი“. 

„წელს ჩვენ გვექნება ერთობლივი წვრთნები სულ რაღაც ორ კვირაში სპეციალური ოპერატიული ძალები როგორც საქართველოსი ისე აზერბაიჯანის და თურქეთის, ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს. სექტემბერში გვექნება ასევე საშტაბო კომპიუტერული სწავლებები“, – აღნიშნა იზორიამ.

„ჩვენ გავაფართოვეთ ასევე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სხვადასხვა სფეროში… ბუნებრივია მომავალშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შეუწყობთ ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას“, – დასძინა მან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხის გარდა, კვირიკაშვილმა და ჰასანოვმა ასევე ისაუბრეს „სამმხრივ ფორმატზე – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით“.