პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც 2016 წელს თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონების გადაცემას ეხება, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის მიერ 23 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ აუდიტის სამსახურმა კანონის შესაბამისად პროკურატურას სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდა, გამოძიება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„საქართველოს პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე აუდიტის მასალების გადმოგზავნა. ამ მომენტამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული მასალები არ მოუწოდებია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აუდიტის სამსახურმა 22 მაისს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტები, თუ როგორ მოხდა გასულ წლებში თბილისი მერიის მიერ ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ მიწების გადაცემა. მასალებში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას თბილისის ერთ-ერთ ბარში მასზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა სწორედ აუდიტის ამ ანგარიშს უკავშირდება. ინციდენტის შემდეგ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა მიაყენეს.
აუდიტის სამსახურის მიერ შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი გასაჯაროვდა. მხოლოდ ერთი რაკურსიდან ნაჩვენებ კადრებში ჩანს რამდენიმე პირის შელაპარაკება, რასაც ხანმოკლე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და ინციდენტი ბარის დაცვის სამსახურის წევრების ჩარევის შემდეგ მალევე დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრესკონფერნციაზე ასევე წარმოადგინა, როგორც ლაშა თორდიას, ასევე ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის ოქმის მოკლე ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ შელაპარაკებისას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოქნეული ხელი „ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა“ ყოფილი პროკურორის თანხლებ პირს.
ლაშა თორდიამ ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე უარყო და განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე, რომელიც აცხადებს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა“.
„ამ დაწესებულებაში არის ძალიან ბევრი კამერა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა მოხდა რეალურად „ელ-ცენტროში“ და მე მოვითხოვ გასაჯაროვდეს ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ძალიან კარგად დაანახებს საზოგადოებას, თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
„გამოწვევების წინაშე ვდგავართ… აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა უკვე მთელ იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმის გამოძიებაში და ყველაფერი ეს არის მიმართული ჩვენს საწინააღმდეგოდ იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცოთ, მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას“, – აღნიშნა ლაშა თორდიამ, რომელმაც ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამეტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გასულ კვირას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის სხდომაზე დააყენა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გამო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით 23 მაისს ბრიფინგზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საგამოძიებო პროცესის მიმართ.
„ამ გამოძიებას აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმე სახელმწიფო უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებას ეხება. პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოთა ეფექტურად ფუნქციონირების გარანტი, ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მომავალშიც მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
17 მაისს სპეციალური განცხადება გაავრცელეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ მხარი დაუჭირონ სამსახურს „დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში“.
„ჩვენთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს“,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.