‘საქართველო რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ იმყოფება ‘ – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ მას არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია და მზადაა შეხვდეს რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.


ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბრისას, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერთიანობის და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება საქართველოს ერთადერთი პასუხი 6 აგვისტოს მომხდარ დაბომბვის ფაქტზე.


მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელთაც ხელისუფლებას ბრალი დასდეს უუნარობაში დაიცვას ქვეყანა საჰაერო თავდასხმებისაგან.


”დღეისათვის საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: საბედნიეროდ, საზოგადოების 99 პროცენტი არის შეგნებული, პატრიოტული… მაგრამ არსებობენ ბრიყვი ადამიანები, რომლებიც გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ: რატომ არ ჩამოაგდო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თვითმფრინავი?,”- განაცხადა სააკაშვილმა.


”მინდა კატეგორიულად ვუთხრა ყველას,” – დასძინა მან, ”საქართველო არ იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან ომის მდგომარეობაში,  ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას”.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების დასავლურ სტანდარტების შესაბამისად  მოდერნიზებას და ”ჩვენ ვცდილობთ ვიყიდოთ ავიაგამანადგურებლები, რომელიც საჰაერო სივრცის პერიმეტრს დაიცავს”.


საქართველოს შეიარაღებაში ამჟამად SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გააჩნია, რომელიც გამოიყენება ხმელეთზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა დაინერგა, რომელიც საბჭოთა დროინდელი, თუმცა გაუმჯობესებული მოდელია. მას ამ თემის ირგვლივ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.


ცოტა ხნის წინ რუსული და უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ საქართველომ გასულ წელს უკრაინისგან შეიძინა Osa-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.


სააკაშვილის განცხადებით, ექვსი თვის წინ საქართველოს რადარებიც კი არ ჰქონდა, თუმცა 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით ”ყველაფერი იქნა გადაცემული და აღრიცხული, ყველა ინფორმაცია იყო დაზუსტებული და წარდგენილი მსოფლიოსთვის”.


”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ”,  – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღგენა, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება და ნატოში ინტეგრაციაა.


პრეზიდენტის განცხადებით, თბილისს რუსეთთანაც სურს უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ ამავე დროს, ”არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ თავისი სტაბილიზაცია მოიპოვოს სხვისი დესტაბილიზაციის ხარჯზე”.


”ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას… ჩვენ გვაქვს სურვილი პრეზიდენტ პუტინთან შედგეს შინაარსიანი შეხვედრა. მოვხსნათ ყველა პრობლემა და გადაუჭრელი საკითხები კონსტრუქციულ, პარტნიორულ ურთიერთობებში მოვაგვაროთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


ივლისის ბოლოს რუსმა და ქართველმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები აგვისტოში ორი პრეზიდენტის შეხვედრის მომზადების მიზნით. თუმცა 6 აგვისტოს ინციდენტმა გარკვეულწილად ეჭვქვეშ დააყენა ამ შეხვედრის შესაძლებლობა.


იმის პარალელურად, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა რუს კოლეგასთან შეხვედრის სურვილი, მან კრიტიკა არ დააკლო რუსეთის სამხედრო ელიტას.


”მე ვნახე პანიკაში მყოფი რუსი გენერალი, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.  მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა რუსეთის გენშტაბის უფროსი იური ბალუევსკი, რომელმაც განაცხადა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პროვოკაცია იყო.


”ამ ტიპის განცხადებები სისუსტის ნიშანია,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”საქართველო არ არის ადვილად შესაჭმელი ქვეყანა, ბოლო დღეებმა ეს კიდევ დაადასტურა”.


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიტუაცია შეიცვალა და საერთაშორისო საზოგადოება უკვე საქართველოს გვერდით დგას.


”როდესაც 1992 წელს ბომბავდნენ ყველაზე ტრაგიკულ ქალაქს – სოხუმს, მსოფლიოში არავის არ შეუმჩნევია ეს ფაქტი…. 2001-2002 წლებში პანკისის ხეობა დაგვიბომბეს, არც მაშინ არავის არ ამოუღია ხმა. დაიბომბა ზემო აფხაზეთიც [2007 წლის 11 მარტს]. მიუხედავად გაეროს დიდი წინააღმდეგობისა, ჩვენი აქტიური ზემოქმედებით დავადასტურეთ დაბომბვის ფაქტი”, – განაცხადა მან


6 აგვისტოს ინციდენტზე კი ”მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე”, აღნიშნა სააკაშვილმა.


”დღეს, უკვე გზაშია დამოუკიდებელ ექსპერტთა დიდი ჯგუფი ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ამერიკიდან,” – განაცხადა მან.


საქართველო დამოუკიდებელ ექსპერთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც 6 აგვისტოს ინციდენტზე გამოძიებას ჩაატარებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)