სააკაშვილი: ‘დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის გასამართლებით,  რეალურად დღეს ხდება საქართველოს უახლოესი ისტორიის და მისი სახელმწიფოებრიობის წარმატების გასამართლება და იქმნება პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლების გადაცემა „ძალიან საშიში“ ყოფილა.

ეს განცხადება სააკაშვილმა 22 მაისს მაშინ გააკეთა, როცა პარალელურად ქუთაისის სასამართლო სამშაბათს დაკავებული მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა. 

„ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, თუმცა ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით, რომ ამ წუთებშიც სასამართლოზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა ძალადობრივი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან, რათა მიაღწიონ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო მიმართვაში მხედველობაში ჰქონდა რა ყოფილი ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია.  

„აქ საუბარი არ არის რაღაც კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებზე, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინ რომელ აგარაკზე ცხოვრობდა, ვინ ვის უხდიდა რაღაც ხელფასს, თუნდაც ბოლო თვეების პროცესები – იგივე ახალაიას პროცესმა დაანახა, რომ პოლიტიკური მოტივით დაწყებული პროცესი ჩქარა  შედის სამართლებრივად ჩიხში. მე ვფიქრობ აქ სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები, არამედ ჩვენ რეალურად დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას, ჩვენ ვასამართლებთ ჩვენ წარმატებულ მცდელობას, რომელიც განვახორციელეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ამას არავინ არ მოელოდა – კავკასიაში, საქართველოში ჩვენ მანამდე ყველასგან მივიწყებულ ქაოტურ, ძალადობისთვის განწირულ რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილთან და მთელ მის გუნდთან ერთად, არის „ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი“  წარმატებულად განხორციელებული სახელმწიფოებრიობის იდეის, რომელსაც დღეს "გასამართლებით ემუქრებიან".

„ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას იმიტომ, რომ ჩვენ შარშან შევქმენით პრეცედენტი, ჩემო მეგობრებო, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მშვიდ, მეგობრულ, კეთილგანწყობილ ვითარებაში. და ახლა ვქმნით პრეცედენტს, რომ ხელისუფლების ასეთი გადაცემა ძალიან საშიში ყოფილა ხელისუფლების გადამცემთათვის იმიტომ, რომ ასეთ გადაცემას მოყვა ღვარძლი, შური, შურისძიება“, – განაცხადა მან.

„პრაქტიკულად იმის მაგივრად, რომ ეს პრეცედენტი გამოგვეყენებინა ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის, ქართული სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის, ჩვენ მივიღეთ პრეცედენტი, რომ მომავალში ყველა დაფიქრდება, სანამ დემოკრატიისკენ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, ეს ძალიან  ცუდია“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
„ჩვენ ვასამართლებთ ჩვენს დასავლურ ორიენტაციას“, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ და ის რაც ხდება დღეს საქართველოში, მათ შორის 17 მაისს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობა, „არის პირდაპირი გზა საქართველოს დასუსტებისკენ და იზოლაციისკენ“.

შემდეგ მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომ „წარსულზე ნეგატიური კონცენტრირება ჩავანაცვლოთ მომავლის პოზიტიური ხედვით“.

„მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდო. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ძალადობის, შურისძიების, ურთიერთ ქიშპობის, მათ შორის უცხო მტერთან შეკვრის ტრადიციით… არამედ ჩვენ უნდა ყველამ ერთად ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომლიც თუნდაც მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილმა და მათ მსგავსმა ადამიანებმა შეძლეს წინა წლებში და ერთად აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომლიც არსებობს და რა თქმა უნდა არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ ისინი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ერთმანეთზე ხალხის გადაკიდების გზით იმიტომ, რომ ეს რის ჩიხური გზა… არამედ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომ გასაძლიერებლად, ჩვენი ევროატლანტიკური ვექტორის შეუქცევადად წინ წასაწევად“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიმდინარე სასამართლო პროცესი არის „ძალიან მნიშვნელოვანი სიმართლის მომენტი და გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)