ზურაბ ჟვანიას ოჯახი მოუწოდებს შეწყდეს გამოძიების მსვლელობის პარალელურად არსებული ‘აჟიოტაჟი’

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახმა პოლიტიკოსებს და მედიას მოუწოდა შეწყდეს აჟიოტაჟი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ბოლო დროს გააქტიურებული საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად წარმოიშვა. 

„ახლა ყველამ ვიცით, რომ მიდის ინტენსიური გამოძიება, ვაცალოთ ამ გამოძიებას. ნუ შევუშლით ხელს… გთხოვთ ყველას ნუღა აგრძელებთ ამ კამპანიას – ეს საშინელი ტრამვაა ოჯახისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას დედამ რემა ჟვანიამ. 

„ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ არსებითი გამოძიებიდან ყურადღება იქნეს გადატანილი რაღაცა სკანდალურ საკითხებზე, რომელიც პრინციპში მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას, ეს ერთი; და აკეთებენ ამ საქმის პოლიტიზაციას“, – განაცხადა გარდაცვლილი პრემიერის მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ, რომელიც დეპუტატია ქართული ოცნებიდან, განაცხადა, რომ მაშინ როცა გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული და დაგეგმილია უხლოეს ხანებში მასში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, ოჯახი შეგნებულად თავს იკავებდა კომენტარებისგან, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „მორიგ უზნეო“ განცხადებებს „ნამდვილად ვერ დავტოვებდით უპასუხოდ“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 25 მარტს გავიდა ეთერში, სააკაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა პოზიცია, რომ იმის გამო, რომ მის დაბარებას აქვს პოლიტიკური და არა სამართლებრივი საფუძველი, არ აპირებს გამოცხადდეს პროკურატურაში, სადაც მას 27 მარტს მოწმის სტატუსით ელიან დასაკითხად, სხვა თემებთან ერთად ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა – ეს ერთ-ერთია იმ ათი საქმიდან, რომელზეც პროკურატურა სააკაშვილს იბარებს.

სააკაშვილმა ინტერვიუში გააკრიტიკა ზურაბ ჟვანიას მეუღლე და მისი ძმა, რომლებმაც მისი თქმით, „უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს“ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. მას მხედველობაში ჰქონდა ოჯახის პოზიცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ყოფილი ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად 2005 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის მოწამვლით გარდაცვალების შესახებ. ამ საქმის გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ პრემიერის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში უთხრა მას, რომ „ზურას ჰქონდა დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღო მაინცო“.

„ლაპარაკი ამ კატეგორიებით, როცა საქმე ეხება ჩემს ახლო მეგობარს და მის მართლა შეუბღალავ სახელს, ჩემთვის იყო სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში, სადაც ასევე მოუწოდა ექსჰუმაციის ჩატარებისკენ და  აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ „ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნის“ გამოქვეყნებისკენ, რითაც, მისი თქმით, „ელემენტარულად დადგინდება“, თუ „ეს არ იყო გაზით მოწამვლა“.

ამ ბრალდებების საპასუხოდ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის გამოძიების საწყის ეტაპზე რამდენჯერმე შეხვდა სააკაშვილს, რომელმაც „მითხრა: მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ“. მან ასევე განმარტა, რომ თანხის საკითხი იმ კონტექსტში წამოწია სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომ განიხილავდა ვერსიას ანგარებით ჩადენილი შესაძლო მკვლელობის შესახებაც.

„მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ“, – განაცხადა ჟვანიას მეუღლემ 26 მარტს.

მან ასევე უარყო ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელების და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების განცხადებები, რომ ის გამოძიების მასალების გასაჯაროების წინააღმდეგი იყო.

„ექსჰუმაცია მოხდება, თუ იქნება საჭირო; გასაჯაროება მოხდება, თუ იქნება საჭირო, როცა საქმე დასრულდება. უბრალოდ არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმისა, რომ იმ მასალების, რომელიც მიდიოდა FBI-ში და იქიდანაც დასკვნების, ხდებოდა ფალსიფიცირება და ფაბრიკაცია“,  – განაცხადა ნინო ქადაქიძე-ჟვანიამ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ ფოტო-მასალების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ აშშ-ის საელჩომ „გამოაგზავნა ჯგუფი“, რომელმაც თქვა, რომ „მზად არიან მიიღონ მონაწილეობას ხელახალ ექსპერტიზაში და დამატებით გამოკვლევაში“.

ოჯახმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებები გაკეთდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს გამოძიება დასრულდეს", – განაცხადა გოგლა ჟვანიამ, "დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დასრულდება შედეგიანად და ვერსიებზე კი არ ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ კონკრეტულ ფაქტებზე".