ობამა: ‘არც უკრაინა, არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან’

ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსის უახლოეს გეგმებში არ არის, განაცხადა 26 მარტს ბრიუსელში პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაზრდის თუ შეამცირებს უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კუთხით, ობამამ უპასუხა: „არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან.“

„ნატო-ს გაფართოება არ არის უახლოეს გეგმებში", – განაცხადა მან.

„ვიცი რუსეთმა მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არიან ისინი შეშფოთებულები უკრაინის გამო, არის მისი შესაძლო ნატო-ში გაწევრიანება. მეორეს მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უკრაინას ოფიციალურად არ მოუმართია ნატო-ს წევრობისთვის, არის მისი რთული ურთიერთობა რუსეთთან და მე არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში შიცვლება",- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მზად არის საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს მის წევრ სახელმწიფოებს, მაგრამ არაწევრ ქვეყნებს, მისი თქმით, „ჩვენი სურვილია დავეხმაროთ იმ იდეალებისა და რწმენის საფუძველზე, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მარტო ევროპაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.“ მისი თქმით, აშშ მზად არის დაეხმაროს უკრაინას ჩაატაროს არჩევნები, დაეხმაროს მის ეკონომიკას და გააგრძელოს „რუსეთის იზოლირება იმის საპასუხოდ, რაც მან ჩაიდინა.“