ბოკერია აკრიტიკებს ღარიბაშვილის რეაქციას ობამას ‘არახელსაყრელ’ განცხადებაზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას „არახელსაყრელი“ განცხადების ირგვლივ „არანაირი ზედმეტი ისტერიკა“ საჭირო არ არის და „საგანგაშო“ უწოდა ამ განცხადებაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის რეაქციას, რომელმაც „პრაქტიკულად გამოგვიცხადა, რომ ჩვენ რაღაც რეალობას უნდა შევეგუოთ“.

„რა თქმა უნდა, ეს [პრეზიდენტ ობამას] კომენტარი არ იყო იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც გაკეთდა, ხელსაყრელი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, კერძოდ იმიტომ, რომ საქართველო იქნა მოხსენიებული უკრაინასთან კონტექსტში“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ობამამ 26 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაზრდის თუ შეამცირებს უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კუთხით, უპასუხა: „არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან. ნატო-ს გაფართოება არ არის უახლოეს გეგმებში".

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 27 მარტს განაცხადა, რომ ნატოსთან მიმართებაში არ არის საჭირო „მცდარი მოლოდინების შექნა“ და ობამას განცხადებას არსებული რეალობის „ადეკვატური“ უწოდა.

ბოკერიას თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, რომელსაც „ამ ეტაპზე არ აქვს ამბიცია ნატოში გაწევრიანების“, საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყნების რიგში მოიაზრება მაკედონიასთან, მონტენეგროსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთად.

„მაგრამ ეს [პრეზიდენტ ობამას] განცხადება, რა თქმა უნდა, არ შეეხებოდა საერთო ჯამში შეერთებული შტატების ხედვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით და არ შეეხებოდა არც კონკრეტულ საკითხს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე, რაც ჩვენი კონკრეტული ნაციონალური ამოცანა გახლავთ“, – განაცხადა მან და დასძინა: „ამიტომ არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის“.

„საგანგაშო გახლავთ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის რეაქცია ამ ჩვენთვის არახელსაყრელ კომენტარზე“, – განაგრძო ბოკერიამ, „პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად გამოგვიცხადა, რომ ჩვენ რაღაც რეალობას უნდა შევეგუოთ. ეს რეაქცია გახლავთ დემონსტრირება იმ პოლიტიკის,  რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს არის არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია“.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე, როგორ იმუშაოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, ჩვენ პირველივე მყისიერ რეაქციას პრემიერ-მინისტრისგან ვიღებთ იმაზე, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ესე საქმე არ გაკეთდება. არ არსებობს ვითარება, სადაც თუკი თვითონ ამ ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს  მკაფიო პოზიცია და არ არის მოტივირებული, ვინმე ჩვენ ნაცვლად ჩვენ საქმეს გააკეთებს“, – აღნიშნა მან.

გიგა ბოკერიამ მოუწოდა მთავრობას „გვერდზე გადადონ ეს რაღაც მოკლევადიანი პოპულიზმი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, მთლიანად მოახდინონ ფოკუსირება იმაზე, რომ ჩვენ ამ ჩვენთვის სარისკო, მაგრამ პოტენციურად ხელსაყრელ ისტორიული ვითარებაში გადავდგათ ნაბიჯები წინ“.

„ჯერ-ჯერობით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები, კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებაში პროგრესი და ის, რომ საქართველო, იმედი გვაქვს, მოაწერს მალე ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ეს გახლავთ, პირდაპირ მინდა ვთქვათ, პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო წინა ხელისუფლებისგან“, – განაგრძო მან. 

„ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ წინ გადადგას ნაბიჯები და ახალი ამოცანები დაისახოს. ასეთი ამოცანა ჩვენთვის არის ნატოში მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და „რეალობასთან შეგუების“ ნაცვლად, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული ამოცანები იქნას შესრულებული“, – განაცხადა ბოკერიამ 27 მარტს.