მთავარი პროკურორის მოადგილე: ‘გამოძიება გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე’

მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე გააგრძელებს იმ საქმეების გამოძიებას, რომლებზეც მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა.

„ფაქტი არის, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, რაც დადგენილი არის საქართველოს კონსტიტუციითაც და სხვა კანონებით, არ გამოცხადდა დაკითხვაზე მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ დისტანციური წესით დაკითხვა“, – განუცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს 3 აპრილს ქუთაისში პარლამენტში სტუმრობისას.

„შესაბამისად გამოძიება გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე და ჩვენ შევეცდებით მისი დაკითხვის გარეშე მოვიპოვოთ საქმეში მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება ყველა ჩამოთვლილ საქმეზე დავადგინოთ ობიექტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა მან.

მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი 22 მარტს დაიბარა მოწმის სახით დასაკითხად გამოძიებაში არსებულ ათ საქმეზე, მათ შორის პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზეც.  თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს „ივანიშვილი–პუტინის თამაშის“ ნაწილია და ის არ აპირებს, რომ პუტინის ოცნებები აასრულოს თბილისში დაკითხვაზე ჩამოსვლით. 

27 მარტს მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს სკაიპით დაკითხვა შესთავაზა და განაცხადა, რომ მისი თბილისში ჩამოსვლა საჭირო აღარ იქნებოდა. იმავე დღეს კიევიდან სააკაშვილმა უარით უპასუხა ამ შეთავაზებას და განაცხადა, რომ ამ პროცესს „არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა“ და მას „სისულეებზე“ დასახარჯი დრო არ აქვს.

28 მარტს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მართალია სააკაშვილი უარს აცხადებს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, მაგრამ მზად არის მოწმის სახით ჩვენებები სკაიპის საშულებით მისცეს მოსამართლეს, თუ რომელიმე საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას მისი დაკითხვა სურს, სასამართლოს გადაეცემა განსახილველად.