თბილისი გმობს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ‘ე.წ. რეფერენდუმს’

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს განაცხადა, რომ „გმობს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ე.წ. „რეფერენდუმს", რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს“.  

„ამგვარი ნაბიჯები არ ემსახურება უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო უწყება „კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში არსებული მდგომარეობის დარეგულირების გზების მოძიებისაკენ“.