ნატოს სპეციალური წარმომადგენელი: საქართველოს თანამშრომლობის ‘უპრეცედენტო’ პაკეტს შევთავაზებთ

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ იმ „იმედგაცრუების“ საპასუხოდ, რომელიც შესაძლოა უელსის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) არ მინიჭებას მოყვეს, განაცხადა, რომ ქვეყანა „შესაძლოა არა უზარმაზარი ნაბიჯებით, მაგრამ მტკიცე ტემპით“ მიიწევს ნატოსკენ.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომ ნატო სამიტზე სავარაუდოდ MAP-ს არა, მაგრამ თანამშრომლობის„არსებით პაკეტს“ შესთავაზებს საქართველოს.

„მე ვიცი, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ აქ ბრიუსელში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საქართველოში ბევრი დისკუსია გამოიწვია“, – დაწერა ჯეიმს აპატურაიმ თავის facebook-ის გვერდზე 25 ივნისს.

„ვფიქრობ, ორი პუნქტია მნიშვნელოვანი. პირველი, უელსის სამიტზე ჩვენ უპრეცედენტო პაკეტს წარმოვადგენთ, რომელიც საქართველოს ნატოსთან უფრო ღრმად და უფრო არსებითად დააკავშირებს, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა – და მიმაჩნია, უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე ნატოს არაწევრ ქვეყანას. მეორე, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია მოლაპარაკებები სამიტის კომუნიკეზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბუქარესტის ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, და ცხადყოფს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ამ გზაზე“, – განაცხადა მან.

„მე ვიცი, რომ ბევრში იმედგაცრუებაა იმასთან დაკავშირებით, რომ MAP არ იქნება მინიჭებული, მაგრამ რეალურად საქართველო უახლოვდება ნატოს, შესაძლოა არა უზარმაზარი ნაბიჯებით, მაგრამ მტკიცე ტემპით. და ეს საქართველოს მთავრობის, როგორც ახლანდელის ისე წინას, გულმოდგინე მუშაობის და კარგი დიპლომატიის შედეგია“, – დაწერა აპატურაიმ facebook-ზე.