კვირიკაშვილი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საუბრობს
„საქართველო აღარ არის პოსტ-[საბჭოთა] ქვეყანა. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ‘პოსტ’ კლიშეები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მარტივად შეიძლება ეწოდოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 28 მაისს ბლატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გამოსვლისას.
საპანელო განხილვაზე „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017“ საუბრისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, პავლო კლიმკინი და ედგარს რინკევიჩსი, ასევე ანდრეა ტომპსონი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ვიაჩესლავ ნიკონოვი, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს „მნიშვნელოვანი მომენტია“, რასაც „საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს“.
„ეს არ არის მხოლოდ თავისუფალი მოგზაურობა ქართველებისთვის, მაგრამ ამას ღრმა პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რომ ევროპამ ქართველებს კარი გაუღო. ეს პოლიტიკური ნაბიჯია ევროპიდან, რომელიც საქართველოს ძალისხმევას აფასებს“, – განაცხადა მან.
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა სამიტზე პოლიტიკურ შედეგებს ელის. „დიდი იმედი გვაქვს, რომ ძლიერი პოლიტიკური განცხადება გაკეთდება, რომელიც იგივე [რომის დეკლარაციის] სულისკვეთებას დაადასტურებს. ასევე ველით, რომ იქნება პრაქტიკული შედეგები, რათა ვიმუშავოთ სხვადასხვა მექანიზმებით, გავაუმჯობესოთ ევროპასთან კავშირი, ინფრასტრუქტურა საქართველოში, განათლების სისტემა“, – განაცხადა მან.
კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების ყოლა სულ უფრო მნიშვნელოვანია“. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიცაა, და დასძინა, რომ ქვეყანას აქტიური წვლილი შეაქვს საერთაშორისო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. „მზად ვართ ყველგან ვიყოთ, სადაც ცივილიზებული სამყარო საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩაერთოს სამშვიდობო ოპერაციებში და რეგიონების და ქვეყნების სტაბილურობის უზრუნველყოფაში“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ვიაჩესლავ ნიკონოვის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, მაგრამ მათ ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნიკონოვის სიტყვები „აბსოლუტურად უაზროა“, ვინაიდან „საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ნატოში ინტეგრაციის მომხრეა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა და ჩვენ ღირებულებაზე დაფუძნებულ ინტეგრაციას ვუჭერთ მხარს და გვჯერა, რომ ეს მიზნები თანმიმდევრულად და მტკიცედ განხორციელდება“.
მთავარი კითხვა, განაგრძო კვირიკაშვილმა, არის ის „თუ რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? როგორია საქართველოს რუკა, როგორია ქვეყანა, რომელზეც ისინი საუბრობენ?“ „ეს უდიდესი კითხვაა და ვწუხვარ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის, რუსეთის ინტერვენციების შედეგად შერყეული სტაბილურობის ხსენება ძალიან, ძალიან სარკასტულად ჟღერს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა რუსი დეპუტატის იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ყოფილ საბჭოთა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მდგომარეობას ეხებოდა.
„ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ გვყავდეს სტაბილური და დემოკრატიული მეზობელი; ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს პარტნიორობა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და მათი სუვერენული გადაწყვეტილებების პატივისცემის ქვაკუთხედს, მთავარ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) 11 წლის წინ დაფუძნდა და იქ მსოფლიო ლიდერები, ასევე ექსპერტები საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში იკრიბებიან ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით. ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა თავის სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან გამართა შეხვედრა.
This post is also available in: English (ინგლისური)