Amnesty International: საქართველოდან ‘გატაცებული’ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამების რისკის ქვეშ იმყოფება
აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რიკის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც საზღვრის მიღმა, ბაქოში აღმოჩნდა პატიმრობაში, რასაც, როგორც მან ადვოკატს განუცხადა, წინ უძღოდა მისი გატაცება და საზღვარზე გადაყვანა“, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, რომლის მეუღლემაც მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 29 მაისს საღამოს გაავრცელა, ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის საგამოძიებო სამსახურის პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა Amnesty International-მა ადგილობრივ აქტივისტებზე და მუხთარლის ადვოკატზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიამ Meydan, რომელიც პირველი იყო, ვინც მუხთარლის გაუჩინარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, განაცხადა, რომ წყვილი საქართველოში 2015 წელს გადმოსახლდა, ვინაიდან შიშობდნენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდათ.
„ეს ძალიან ავისმომასწავებელი მოვლენაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჟურნალისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებითაა ცნობილი. აფგან მუხთარლი დაუყონებლივ და უპირობოდ უნდა იქნას გათავისუფლებული და დაცული უნდა იყოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან. ის სინდისის პატიმარია, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტად მუშაობის გამო დააკავეს“, – განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.
ორგანიზაციის განცხადებით, მუხთარლის ადვოკატმა, რომელიც მას გუშინ ესაუბრა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ქართულად მოსაუბრე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. „მამაკაცებმა ჟურნალისტი მანქანაში დააბეს, თბილისის გარეუბანში წაიყვანეს და ულმობლად სცემეს. შემდეგ, მათ ორჯერ გამოიცვალეს მანქანა, სანამ აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანდნენ“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
„აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარი გადაკვეთეს, მას 10 000 ევრო ჩაუდეს ჯიბეში, რათა შემდეგ აზერბაიჯანულ პოლიციას მისთვის საზღვრის დარღვევასა და კონტრაბანდაში დაედო ბრალი. მან ასევე უთხრა თავის ადვოკატს, რომ მას აზერბაიჯანში არასათანადოდ მოეპყრნენ“, – დასძინა Amnesty International-მა.
„როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა. მისმა ოჯახმა განუცხადა Amnesty International-ს, რომ თბილისის ქუჩებში მას ხშირად დაყვებოდნენ აზერბაიჯანულად მოსაუბრე მამაკაცები, რაც იმის მანიშნებელია, რომ მასზე გარკვეული პერიოდი თვალთვალი ხორციელდებოდა. საქართველომ სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიოს, რა მოხდა და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც ამ საშინელ ოპერაციაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ლევან ასათიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური)