აფხაზეთის ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას აკრიტიკებს
სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების კოალიციამ რეგიონის ლიდერს რაულ ხაჯიმბას 30 მაისს წერილით მიმართა, სადაც მას აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ 2016 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას სთხოვენ.
შეთანხმებას რეგიონში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოეწერა ხელი, რომლის დროსაც ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. დოკუმენტი აღიარებს პოლიტიკური კრიზისის არსებობას, გმობს ძალადობრივი პოლიტიკური დაპირისპირების შესაძლებლობას და ადგენს, რომ ხაჯიმბამ ოფიციალური პოსტები უნდა შესთავაზოს ოპოზიციას, მათ შორის, ორი საკონსტიტუციო სასამართლოში და ოთხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავად ხაჯიმბამ და მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ, ხოლო ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ „აპრას“ ხელმძღვანელმა, ასლან ბჟანიამ, პარტია „ამცახარას“ თავჯმდომარის მოადგილემ რამაზ ჯოფუამ და ორგანიზაცია „აბზანხარას“ ხელმძღვანელმა ნუგზარ აშუბამ.
30 მაისის წერილს სწორედ ბჟანია, ჯოფუა და აშუბა აწერენ ხელს. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდა დოკუმენტს და ყველა მისი დებულება შეასრულა. ამავდროულად, ისინი აცხადებენ, რომ ხაჯიმბა არ ასრულებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის კანდიდატების წარდგენას ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ხაჯიმბას ჯერ არ წარუდგენია პარლამენტისთვის მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი 1 ივნისს უნდა დასრულდეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაჯიმბას შეთანხმების შესრულება და ოპოზიციისთვის დაპირებული თანამდებობების მინიჭება მოსთხოვეს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება როგორც „სურვილი ღია დაპირისპირებისა, რომელიც ახალი მასობრივი საპროტესტო აქციების პროვოცირებას მოახდენს“ და „დიალოგის ისედაც სუსტ შესაძლებლობას ნულამდე დაიყვანს, რაც საბოლოოდ სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს."
This post is also available in: English (ინგლისური)