უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ თბილისში ვიზიტი დაასრულა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბი 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველომ და უკრაინამ მაღალი ფასი გადაიხადეს თავისუფლებისთვის და ორივე ქვეყანამ გამოსცადა რუსული აგრესია.

რადას თავმჯდომარემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ქმედებები გაიხსენა. „2008 წელს მე საქართველოში ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე გადამწვარი და განადგურებული სოფლები. ქართველი ქალების ტანჯვა და ტკივილიც ვიხილე. მაშინ ქართველი ჯარისკაცები თავისუფლებისთვის იღუპებოდნენ, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეებს რუსული ბომბები კლავდნენ“, – განაცხადა პარუბიმ.

მისი თქმით, საქართველოზე რუსეთის თავდასხმა საბოლოოდ შეჩერდა. „თავისუფალმა სამყარომ საკმარისი დასკვნები ვერ გამოიტანა აგრესორის ქმედებებისგან და ამან მხოლოდ წაახალისა აგრესორი და მკვლელმაც განაგრძო მკვლელობები“, რასაც უკრაინაში 2014 წელს ომი მოჰყვა.

პარუბიმ თავის ქვეყანაში რუსეთის აგრესიის შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინაში დაახლოებით ორი მილიონი დევნილია. მისი თქმით, ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც ევროპაში შევიდნენ, ხოლო უკრაინას ამ პრობლემის მოგვარება ომის პარალელურად უწევდა.

პარუბიმ ასევე განაცხადა, რომ პუტინის რუსეთი გლობალური უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა. „როდესაც ხალხი კითხულობს, რა არის პუტინის მიზანი, მე ჩვეულებრივ ის ციტატა მომყავს, რომელიც მან განაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. მან თქვა, რომ ეს მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო, და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს ამყარებს იმ იდეას, რომ მას იმ გავლენის აღდგენა სურს, რომელიც კრემლს საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა“, – დასძინა პარუბიმ.

პარუბიმ ხაზი გაუსვა, რომ პუტინის რუსეთის გაჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. „რუსეთი მხოლოდ იქ გაჩერდება, სადაც მას გააჩერებენ. დღეს მსოფლიოში ნატოს გარდა არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ ამოცანას შეასრულებს. მხოლოდ ძლიერ, გაფართოებულ და გაძლიერებულ ევრო-ატლანტიკურ ალიანსს შეუძლია ამის გაკეთება. ამას ალტერნატივა არ აქვს, რადგანაც კრემლი ახალ გლობალურ გამოწვევებს უქმნის უსაფრთხოებას და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც“, – განაცხადა პარუბიმ.

რადას თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე ევროპასთან საზღვრებზე და რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი პოლიტიკური ზეწოლისა და სანქციებისკენ მოუწოდა. პარუბიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინა და საქართველო ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და თავისუფალი სამყაროს საყრდენს წარმოადგენენ.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში პარუბი საქართველოს ლიდერებს შეხვდა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილა.

29 მაისს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. უმაღლესი რადას პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინას ახსოვს ქართველი პატრიოტები, „რომელთაც თავი გაწირეს მაიდანზე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რადგანაც მათ ყველამ იცოდნენ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობაა და რომ თავისულების სურვილი იყო და არის უნივერსალური“.

კობახიძესთან შეხვედრაზე პარუბი ინიციატივით გამოვიდა, რომ დაფუძნდეს უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი პარლამენტთშორისი ასამბლეა, რომელსაც, უმაღლესი რადას პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა. პარუბის თქმით, ამ იდეას უკრაინის პარლამენტშიც დაუჭირეს მხარი.

კობახიძესა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პაოლო ალისთან გამართულ შეხვედრაზე პარუბიმ განაცხადა, რომ „ნატოში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიული არჩევანის საკითხია“. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მომავალ სხდომას უკრაინა კიევში უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში პარუბი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა.

მოგვიანებით, უმაღლესი რადას თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული საკითხები განიხილეს, ასევე ყურადღება დაეთმო სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ ორივე ქვეყანაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.