რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში საბრძოლო მომზადების შემოწმების მიზნით განგაში გამოცხადდა

ჩრდილოეთ კავკასიის სამ რეგიონში – ჩეჩნეთში, დაღესტანსა და კრასნოდარში, ასევე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ შეიარაღებულ ძალებში 1 ივნისს საბრძოლო განგაში გამოცხადდა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, რომლის ბრძანებაც სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე დროვნიკოვმა გამოსცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოულოდნელ წვრთნებში 6 500-ზე მეტი სამხედრო, ასევე მოტომსროლელთა, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფების, შავი ზღვის ფლოტის და კასპიის ზღვის ფლოტილიის დაახლოებით 1 500 ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნების ფარგლებში ქვედანაყოფები კომბინირებული მეთოდებით 1000-კილომეტრიან მარშს განახორციელებენ უცნობი პოლიგონების მიმართულებით, სადაც ისინი საბრძოლო ოპერაციებში ივარჯიშებენ, განაცხადა სამინისტრომ.

„საბრძოლო მომზადების შემოწმება ჯარის რეალური მდგომარეობის შესწავლის მნიშვნელოვანი ფორმაა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც 2017 წელს სამხრეთის სამხედრო ოლქმა საბრძოლო მომზადების 40-ზე მეტი შემოწმება განახორციელა.

ასევე 1 ივნისს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ბაზებმა წვრთნის საზაფხულო პერიოდი გახსნეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცალკე პრესრელიზებში.

ცხინვალში გამართულ გახსნის ცერემონიაზე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის T-90 ტიპის ტანკები, BMP-3 ქვეითთა საბრძოლო მანქანები და თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“ იყო წარმოდგენილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღების, ჯავშანტექნიკის, საავტომობილო და სპეციალური სამხედრო ტექნიკის 1 000-ზე მეტი ერთეული ექსპლოატაციის საზაფხულო პერიოდზე იქნა გადაყვანილი.

სეპარატისტულ აფხაზეთში გამართულ გახსნის ცერემონიაზე, სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე რომანჩუკმა განაცხადა, რომ წვრთნის საზაფხულო პერიოდი მოიცავს „100-ზე მეტ ტაქტიკურ, სპეციალურ ტაქტიკურ და სამეთაურეო-საშტაბო წვრთნებს საველე პირობებში, ასევე 500-ზე მეტ პრაქტიკულ მომზადებას“.

საველე პირობებში საბრძოლო მომზადების საათების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება; შედეგად, თითოეული მექანიზებული შენაერთის სამხედრო მოსამსახურე საველე პირობებში 2.5 თვეზე მეტ დროს გაატარებს.

This post is also available in: English (ინგლისური)