ციხელაშვილი: ხურჩის მკვლელობაზე საქმის შეწყვეტა „მიუღებელია“
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე „ცალსახად მიუღებელია,"- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა.
„მათი რეაგირება ამ საქმესთან დაკავშირებით არც აქამდე იყო ადექვატური, რამდენადაც მკვლელი დაკავებული არ ყოფილა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
„ამ საზარელი დანაშაულის ჩადენის დღიდან ქართული მხარე, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აქტიურად ცდილობს ყველა რელევანტური ფორმატის გამოყენებას, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) კომუნიკაციის გზით სამუშაოს გატარებას, რათა დამნაშავე იყოს დასჯილი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ციხელაშვილის თქმით, ის ამ თემაზე საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრა. „ისინი, ცხადია, შეშფოთებულნი არიან ამ განცხადებით. ჩვენი პარტნიორების პოზიცია თანხვედრაშია ქართული მხარის პოზიციასთან, რომ დამნაშავე უნდა იქნას დასჯილი“.
ციხელაშვილმა პირობა დადო, რომ აქტიურ მუშაობას გააგრძელებს როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ყველა რელევანტურ ფორმატში. „ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის დასჯის საკითხს ძალიან მაღალ დონეზე დავაყენებთ. არ შევწყვეტთ მუშობას იმისთვის, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – დასძინა მან.