რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბული ნაწილის, რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი მილორად დოდიკი 1 ივნისს სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.
ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დოდიკმა დასავლური ქვეყნების მიერ რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე და ასევე თვითმმართველ სახელმწიფოდ განვითარების სურვილზე ისაუბრა.
დოდიკმა ცხინვალთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოხატა. „მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. ჩვენ თვალს ვადევნებდით სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს, ვიცით, რაც მოხდა იქ, თანაგიგრძნობდით“, – განაცხადა მილორად დოდიკმა.
ბიბილოვმა უპასუხა, რომ სამხრეთ ოსეთს და რესპუბლიკა სრპსკას „მსგავსი ბედი“ აქვთ. „ჩვენი ხალხები მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ, ჩვენ საერთო მიზნები, საერთო მეგობრები და ერთი და იგივე რწმენა გვაქვს“, – დასძინა მან.
ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა წინასწარ შეთანხებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც დოდიკი ცხინვალს 20 სექტემბერს ეწვევა, როდესაც სეპარატისტული რეგიონი „რესპუბლიკის დღეს“ აღნიშნავს, ხოლო მილორად დოდიკმა ბიბილოვი 9 იანვარს მიიწვია რესპუბლიკა სრპსკას დღის აღსანიშნავად.
This post is also available in: English (ინგლისური)