უსაფრთხოების ექსპერტები საკონსტიტუციო ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა 5 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებული დასკვნითი კომუნიკე გაავრცელა, რომელიც მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს აკრიტიკებს.
„ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ცვლილებები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა განხილული ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე სტრატეგიული მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია კომუნიკეში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ინიცირებული ცვლილებების პროექტით. კომუნიკეს თანახმად, კონსტიტუციის პროექტს შემდგომი გადასინჯვა და „ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა“ ესაჭიროება.
დისკუსიების მონაწილეები თანხმდებიან, რომ „საქართველოს ეროვნული უშიშროების სფეროში არსებული ვითარება, რომელიც დღესაც ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში არამც თუ არ გაუმჯობესდება, არამედ გახდება უფრო მოწყვლადი და ნაკლებ ეფექტიანი, რადგან კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი მკაფიოდ ვერ აყალიბებს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვის, აღსრულებისა და აღსრულებაზე ზედამხედველობის სრულფასოვან და გამართულ სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ სისტემას“.
„შედეგად, აღნიშნული ცვლილებების მიღება უარყოფითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობასა და მდგრადობაზე, დაასუსტებს სამოქალაქო-დემოკრატიულ კონტროლს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დასკვნით კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციიდან ამოღება, „აუქმებს რეალურ დროში და განგრძობითად ეროვნულ დონეზე საკვანძო თანამდებობის პირების, მათ შორის უმაღლესი მთავარსარდლის თანამონაწილეობით უსაფრთხოების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას“.
დოკუმენტის თანახმად, საჭიროა „ძირფესვიანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის გამოყოფილი ვადების გადასინჯვა და ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მაღალი ლეგიტიმაციის მდგრადი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად“.
კომუნიკეს 27 ექსპერტი და პოლიტიკოსი აწერს ხელს, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრები დავით სიხარულიძე და თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეები გიორგი მუჩაიძე, ბათუ ქუთელია და ნოდარ ხარშილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი სერგი კაპანაძე და ყოფილი ელჩი ევროკავშირში, დეპუტატი სალომე სამადაშვილი. კომუნიკეს ასევე მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
2 ივნისს თბილისის სტრატეგიულ დისკუსიებზე საუბრისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაბამისად, უნდა იყოს დაწერილი საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით“.
„კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარეც. ჩვენ გვქონდა ქვეყნის შიგნით სამხედრო შეიარაღებული დაპირსიპირება, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ეს უნდა გვახსოვდეს, ეს ის გამოცდილებაა, რაც უნდა იყოს დაცული კონსტიტუციაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური)