თბილისი ვმო-ს შეთანხმების შესახებ რუსეთის განცხადებას აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების ტრანზიტზე გაკეთებულ განცხადებას 7 ივნისს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების იმპლემენტაციისგან თავის არიდების „აშკარა მცდელობას“ წარმოადგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ივნისს განაცხადა, რომ ის მიესალმება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის „კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოზიციას“, რომლის თანახმადაც რეგიონი მზად არის რეგიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტვირთების ტრანზიტი დაუშვას. სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ თბილისიც მსგავს კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს.
ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი პროცესის „მიზანმიმართულად ჩიხში შეყვანაში დაადანაშაულა“ და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების „ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი“.
„რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ გადაიდგა მის განსახორციელებლად შვეიცარიის მხარდაჭერით, მათ შორის არჩეულ იქნა ნეიტრალური კომპანია, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგი უნდა განახორციელოს, ასევე რიგი ტექნიკური ნაბიჯები გადაიდგა. შედეგად, აცხადებს სამინისტრო, „საქართველომ დაასრულა ყველა წინასწარი პროცედურა ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის და შეთანხმების აღსრულებისთვის“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, „გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას“. ის ასევე მოუწოდებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის „ამ დესტრუქციულ ნაბიჯს“ და „არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზირება“.
საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.
შეთანხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.
This post is also available in: English (ინგლისური)