ODIHR-ის დირექტორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების გამო ‘შეშფოთებულია’
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორმა მაიკლ გეორგ ლინკმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის აფგან მუხთარლის „სავარაუდო გატაცებისა და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის გამო“.
„ბრალდებები აფგან მუხთარლის არასათანადო მოპყრობის შესახებ და აზერბაიჯანში მისი დაბრუნების გარემოებები სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული, რათა დადგინდეს საქმის ფაქტები და დროულად მოხდეს მისი განხილვა სასამართლო წესით“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა 8 ივნისს. „სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა ან სისხლის სამართლებრივი ქმედება გამოძიებულ უნდა იქნას და ნებისმიერმა პირმა, რომელიც ამგვარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“.
„ODIHR კვლავ ადევნებს თვალს ამ განსაკუთრებულ საქმეს“, – განაცხადა მან. „იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ აფგან მუხთარლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამოგონილ მტკიცებულებას ან ძალის გამოყენების და არასათანადო მოპყრობის შედეგად განხორციელებულ ქმედებებს ეფუძნება, ხელისუფლებამ მაშინვე უნდა მოუხსნას მას ბრალდებები და გაათავისუფლოს იგი“.
ანალოგიური გზავნილები გაახმოვანა გერმანიის ფედერალური მთავრობის კომისარმა ადამიანის უფლებათა პოლიტიკის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ბეაბლერ კოფლერმა, რომელმაც 6 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ის „ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში დევნილობაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ მისი უკანონო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო“.
„ამიტომ, ეს საქმე სწრაფად და გამჭირვალედ უნდა იქნას გამოძიებული როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარეების მიერ“, – განაცხადა კოფლერმა და დასძინა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებას.
აფგან მუხთარლიმ, აზერბაიჯანელმა საგამოძიებო ჟურნალისტმა, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, განაცხადა 30 მაისს, რომ ის თბილისში თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა, რომლებიც, როგორც ის მიიჩნევს, საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს.
This post is also available in: English (ინგლისური)