რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება გაუზარდა
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა 8 ივნისს, რომ მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაიზრდება და 2017 წელს 2.5 მილიარდ რუბლს მიაღწევს.
ეს განცხადება მოსკოვში 8 ივნისს გამართული სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე გაკეთდა.
ხლოპონინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ოდენობა 1.6 მილიარდი რუბლი იქნება როგორც 2018, ისე 2019 წლებში.
სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის და სამთავრობოთაშორის კომისიაში აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბესლან ბარციცმა განაცხადა, რომ რუსული დაფინანსება 2017 წელს 500 მილიონი რუბლით გაიზარდა.
რუსეთის მინისტრმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში, ლევ კუზნეცოვმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ 2017-2019 წლებში რუსეთი აფხაზეთისთვის 5.8 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავს.