სააპელაციო სასამართლომ დაკავებული რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ "ბირჟა მაფიას" ორ წევრს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და 12 ივნისს ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს მიხეილ მგალობლიშვილს, 50 ათას ლარიანი, ხოლო გიორგი ქებურიას 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ორივეს სასამართლო პროცესი ცალ-ცალკე ჩატარდა.
28 წლის რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი (Young Mic) და 21 წლის გიორგი ქებურია (Kay G) პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 9 ივნისს დააკავა, რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე პატიმრობით ან უვადო პატიმრობით.