ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს მეორე ქართული ასეული შეუერთდება

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს, რომელიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება, კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება.

ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა. შემდეგ ეტაპზე კი I ქვეითი ბრიგადის ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2), რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც 2002 წელს ჩამოყალიბდა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება.

ნატოს წევრი სახელმწიფოების გარდა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ნატოს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა.