200-ზე მეტი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის გათავისუფლებას ითხოვს
200-ზე მეტი ჟურნალისტი 16 ქვეყნიდან ითხოვს, რომ დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც „29 მაისს საქართველოდან გაიტაცეს, აზერბაიჯანში გადაიყვანეს და იქ დააპატიმრეს“.
„ვგმობთ აზერბაიჯანული რეჟიმის მიერ ომის გაძლიერებას მისი მოწინააღმდეგეების მიმართ, რაც ამ უპრეცედენტო სასაზღვრო თავდასხმაში გამოიხატა“, – ნათქვამია წერილში, რომლის თანახმადაც „თავდასხმის ერთადერთი მიზანი იმ საგამოძიებო ჟურნალისტის გაჩუმება იყო, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კორუფციულ საქმიანობაზე ავრცელებს ინფორმაციას“.
„მიგვაჩნია, რომ იმ დანაშაულების აბსურდული ბუნება, რაშიც მუხთარლის დასდეს ბრალი აზერბაიჯანში, ხაზს უსვამს რეჟიმის განზრახვას, რომ თავისი რეპრესიული მმართველობა ქვეყნის გარეთაც განახორციელოს“, – აცხადებენ ჟურნალისტები.
ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს გატაცების საქმის გამოძიებისგან, და მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „ჩაერიოს და მხარი დაუჭიროს“ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს.
„დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს პარტნიორებს დასავლეთში შერცხვებათ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებულ ამ შემაშფოთებელ თავდასხმას უგულებელყოფენ“, – ნათქვამია წერილში.
15 ივნისს გამოქვეყნებულ წერილს სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, ქართველი, ესტონელი, ფრანგი, ყირგიზი, ლატვიელი, ლიტველი, მოლდოველი, პოლონელი, რუსი, ტაჯიკი, უკრაინელი ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტები აწერენ ხელს.