უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
დავით უსუფაშვილმა, 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებენ.
16 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვიქნებით მშენებლები, სახელმწიფოს მშენებლები“, რადგანაც, მისი თქმით, ქვეყანას განვითარება სჭირდება.
უსუფაშვილის თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს, მაგრამ მისი მთავარი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლაა. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ პოლიტიკური მოძრაობა ოფიციალურად მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულზე დარეგისტრირდება.
ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ თავის თანაგუნდელებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოძრაობას ახალი სახეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ქვეყანას წინ წაიყვანენ. იმავდრულად, მისი წევრები ასევე იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც ქვეყანას „უანგაროდ და პირნათლად“ ემსახურებოდნენ.
ახალ მოძრაობას შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები – ვახტანგ ხმალაძე და თენგიზ შერგელაშვილი, ასევე ეროვნული ფორუმის წევრები – რევაზ შავიშვილი და კახა შარტავა.
შენების მოძრაობა
შენების მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპების თანახმად, „მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად“.
დოკუმენტის თანახმად, „დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს“.
„გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ „იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს“.
„საქართველოს სჭირდება „შენების მოძრაობა“, ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
This post is also available in: English (ინგლისური)