მარგველაშვილმა პარლამენტის თხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვის თაობაზე არ დააკმაყოფილა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე და ამის მიზეზად უკეთესი დოკუმენტის მოსამზადებლად განხილვების გაგრძელების საჭიროება დაასახელა.
20 ივნისს სპეციალურ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წინა დღეს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ შესაძლოა პროპორციული სისტემის შემოღება 2024 წლამდე გადადოს, „თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაცვლად საზოგადოების მოლოდინებისა, რომ კონსტიტუცია „დაიხვეწებოდა“, ერთადერთი ფუნდამენტური ცვლილება შეეხება „პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცას“. „ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მის უარს „პოლიტიკური შინაარსი“ აქვს, რადგანაც „ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა“.
მან მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ „დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია“.
„მე იმედი მაქვს, ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად სწრაფ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, რომ პარლამენტის სესიებს შორის რიგგარეშე სესია მოიწვიოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან მთავრობის წარდგინებით. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.