PACE-ს მომხსენებელი მედიის თავისუფლების საკითხებში მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და PACE-ს გენერალურმა მომხსენებელმა მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებში, ვოლოდიმირ არიევმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების გამო.
„ვწუხვარ აზერბაიჯანში დისიდენტების წინააღმდეგ, და კერძოდ დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა მიზნად ისახავს საგამოძიებო ჟურნალისტის გაჩუმებას, რომელიც, როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ხელისუფლების კორუფციულ საქმიანობაზე ავრცელებს ინფორმაციას“, – წერს არიევი 20 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლება, დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი“.
„ასევე ვუერთდები ჩემს კოლეგებს PACE-დან, ბორის სილევიჩს და კერსტინ ლანდგრენს, და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ზედმიწევნით გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული ყველა ბრალდება და დროულად მიაწოდოს ასამბლეას ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ“, – განაცხადა PACE-ს გენერალურმა მომხსენებელმა.
6 ივნისს, PACE-ს თანამომხსენებლებმა საქართველოზე, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა შეშფოთება გამოხატეს „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის თაობაზე“ და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა ბრალდება და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია მათ მიაწოდოს.
მუხთარლის საქმეზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმა ახორციელებს.