საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაზე პლებისციტის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
დავით ბაქრაძე, 20 ივნისი, 2017. ფოტო: facebook.com/europeangeorgia.ge
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო, რომელსაც პარლამენტში უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია ჰყავს, კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, რომ ჩატარდეს პლებისციტი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების, ასევე – იმ ახალი საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე პარტიების ხმები, ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, გამარჯვებულ პარტიას ერგება.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიამ „შეზღუდულ დროში“150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა , რაც „ადასტურებს, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს, რომ მათ დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, პოლიტიკური სისტემა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი“.
„წარმოდგენილ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არ არსებობს კონსენსუსი არამხოლოდ განსხვავებულ პარტიებს შორის, არამედ უმრავლესობის შიგნითაც“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, ვინაიდან „არ არსებობს არანაირი კონსესუსი და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის“.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ჩიხური სიტუაციიდან არის, „ვკითხოთ პოზიცია ხალხს და ყველა დავემორჩილოთ ხალხის აზრს“.
მოგვიანებით, 20 ივნისს, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმოწერები წარადგინა.
მოძრაობა თავისუფლების – ევროპულმა საქართველომ ერთხელ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, თუმცა ვინაიდან მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან გამოხმაურება არ მოხდა, პარტიამ ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყო.
კანონმდებლობის მიხედვით, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად; პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
This post is also available in: English (ინგლისური)