ევროპარლამენტარი: მუხთარლის საქმე ‘ძალიან საგანგაშოა’


ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60-წევრიან დელეგაციას ხელმძღვანელობს. ფოტო: facebook.com/RebeccaHarmsMEP/

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა, რომელიც EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60-წევრიან დელეგაციას ხელმძღვანელობს, განუცხადა Civil.ge-ს 20 ივნისს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის „ძალადობრივი გაუჩინარება“ გამოძიებულ უნდა იქნას და „ის ადამიანები, რომელთაც მასში მონაწილეობა მიიღეს, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“.

„აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და დაპატიმრება ახალი, ძალიან საგანგაშო საქმეა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროპარლამენტის წევრებმა „დიდი უმრავლესობით მოითხოვეს აფგან მუხთარლის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლება, რათა ის თავის ოჯახს დაუბრუნდეს საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში ყველა სხვა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლება“.

„ასევე ვითხოვთ ამ საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც“, – აღნიშნა ჰარმსმა. „ჩვენ კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საქართველოს პარლამენტიდან, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს ამ საქმეს და პასუხს სთხოვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას“.

ევროპარლამენტარმა ასევე დასძინა, რომ სიტუაცია „შემაშფოთებელია“, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ჩართვა აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად „კარგი ნიშანია“. „მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში საქართველოში“.

EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საპარლამენტო ფორუმს წარმოადგენს, 110 დეპუტატს აერთიანებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60 წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრია გაერთიანებული.     

This post is also available in: English (ინგლისური)