თავდაცვის მინისტრი: ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობა უცვლელი დარჩება
ბრიუსელში, 29 ივნისს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობას განაგრძობენ და მათი რაოდენობა უცვლელი დარჩება.
„საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში არსებულ კონტრიბუციას. 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს“, – განაცხადა იზორიამ.
„განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, – აღნიშნა იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.
იზორიას განცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის ოცეულამდე შემცირების თხოვნით ნატოს შტაბბინას მიმართა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, დაადასტურა, რომ თავდაცვის სამინისტროს თხოვნასთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ის უკვე ამოწურულია. „რაღაც გარკვეული კომუნიკაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს გაუგებრობა ამოწურულია“, – განუცხადა რაქვიაშვილმა „რუსთავი 2“-ს.
ტელეკომპანიის თქმით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის სახელიც „რუსთავი 2“-მა არ დააკონკრეტა, ასევე დაადასტურა ინფორმაცია თხოვნის თაობაზე, თუმცა განმარტა, რომ ეს ცვლილება 2019 წლისთვის იყო გათვალისწინებული.
4 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება, თუმცა დასძინა, რომ „ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანაჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანიწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით“.
თავდაცვის სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს“.
This post is also available in: English (ინგლისური)