რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სოხუმს ესტუმრა
რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი, 3 ივლისი, 2017. ფოტო: presidentofabkhazia.org
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს კურირებს, 3 ივლისს სოხუმს ესტუმრა და, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონისთვის რუსეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების საკითხი განიხილა.
სურკოვმა, რომელიც ორივე რეგიონის ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობს, შეხვედრები გამართა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან, და მთავრობის მეთაურთან, ბესლან ბარციცთან.
რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ვლადისლავ სურკოვმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებზე ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ყველა „პრობლემური საკითხის“, მათ შორის, სოხუმსა და მოსკოვს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხილვის მნიშვნელობას.
შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, სურკოვი მიესალმა სოხუმის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს და განაცხადა, რომ მხარეებს „შესანიშავად ესმით ერთმანეთის და სრული თანხვედრა აქვთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა“. „მინდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკაში ამჟამად პოლიტიკურად ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, სტაბილურობაა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკის განვითარებისთვის, მისი ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრებისთვის“, – განაცხადა სურკოვმა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალიან პოზიტიურ ფონზე იმართება… საინვესტიციო პროგრამის მომდევნო ეტაპი დაიწყო, რუსეთიდან დაფინანსება შემოვიდა, ხარისხიანი დოკუმენტაცია მომზადდა ყველა იმ ობიექტთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაც ინფრასტრუქტურული ობიექტია, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგანაც სოციალური ობიექტები უკვე საკმარისად ბევრია აშენებული. ინფრასტრუქტურული ობიექტები მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე ტურიზმისა და ბევრი სხვა [სექტორისთვის], – განაცხადა სურკოვმა.
რეგიონის ბიზნესგარემოზე საუბრისას სურკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გარკვეული“ შეზღუდვები არსებობს, რომლებიც რუსულ ინვესტიციებს აფერხებს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური ხასიათის შეზღუდვები (აფხაზეთში ქონების ფლობის უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის მოქალაქეებს აქვთ).
„უძრავი ქონების ბაზარი აქ საკმაოდ მკაცრადაა შეზღუდული; ეს ბარიერი გონივრულად რომ მოხსნილიყო, აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის რისკის შექმნის გარეშე, ეს ძლიერ ბიძგს მისცემდა ამ საკითხის მოგვარებას“, -აღნიშნა სურკოვმა.
სურკოვი ასევე შეეხო რუსეთის მომავალ გეგმებს სოხუმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ სამედიცინო დაზღვევის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდება, რაც „საშუალებას მოგვცემს აფხაზეთში სამედიცინო მომსახურების დონე ავამაღლოთ რუსეთში არსებულ დონემდე“.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე, რაც „აფხაზეთის მოქალაქეებს“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლებას მიანიჭებს. რეგიონის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეთანხმებას რეგიონის მთავრობა განიხილავს და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი და სოხუმი ამ პროცესს „უახლოეს მომავალში“ დაასრულებენ.
შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ იმ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 2008 წლის 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის მოქალაქეობის მიღება „იმ მხარის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეობასაც იღებენ“.
მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთამხმებით, რუსეთმა „დამატებითი ზომები“ განხორციელების ვალდებულება აიღო „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გასამარტივებლად.
სოხუმში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ვლადისლავ სურკოვმა და ბესლან ბარციცმა რუსული დაფინანსებით გარემონტებული რიგი ობიექტები მოინახულეს, მათ შორის, სოხუმში მდებარე სკოლა და ბიბლიოთეკა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)