სახალხო დამცველი პროკურატურისაგან აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას მოითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, დღეს, თბილისიდან საეჭვო გარემოებებში გაუჩინარებული და ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე პრესკონფერენცია გამართა. ომბუდსმენმა საზოგადოებას იმ წინადადების შინაარსი გააცნო, რომლითაც მან საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა.
უჩა ნანუაშვილმა კვლავ გამოთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მუხთარლის საქმეს დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, რომლის თანამშრომლებიც თავად არიან ეჭვმიტანილნი ჟურნალისტის შესაძლო გატაცებისა და აზერბაიჯანელი სამართალდამცველებისათვის გადაცემის ფაქტში.
პრესკონფერენციაზე, ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა „გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის“ აუცილებლობას და მთავარი პროკურორისგან „საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემა“ მოითხოვა.
უჩა ნანუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჟურნალისტის ადვოკატი დღემდე ვერ ახერხებს, მიმდინარე გამოძიებას სრული მოცულობით გაეცნოს, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის სტატუსით არ სარგებლობს. ამიტომ, ოფიციალურ წერილში, სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის ამ სტატუსის მინიჭებასაც მოითხოვს.
„სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე მედიაში არაერთი საჯარო კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინაიდან მდგომარეობა უცვლელია, ამჯერად პროკურატურას უკვე წერილობითი ფორმით მიმართავს“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ „ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს“, მათ შორის, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მუხთარლის თბილისში გადაადგილების კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერებს უნდა დაეფიქსირებინათ, შეცვლილი ან გამქრალია.
თბილისში მცხოვრები საგამოძიებო ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოს დედაქალაქიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს, მუხთარლი აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც იგი საზღვრის უკანონო კვეთის, უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.
თბილისში დარჩენილი ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, და ოჯახის ახლობლები ეჭვობენ, რომ მუხთარლი, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებებით აზერბაიჯანის ხელისუფლებას კორუფციაში ამხელდა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუქვეყნებია ის ფაქტები, რაც მისთვის გამოძიების ფარგლებში გახდა ცნობილი. გამოძიების გაჭიანურების მიზეზად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ არ აქვთ მოპოვებული აფგან მუხთარლის ჩვენება და რომ, ქართველი სამართალდამცველების მიერ ჟურნალისტის დაკითხვისათვის, დღემდე ელიან აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვას.
ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანში დაპატიმრებას, ასევე არასათანადოდ წარმოებულ გამოძიებას საქართველოს პრეზიდენტის, ქართული ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.
15 ივნისს, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და შემდეგ მის დაუსაბუთებელ დაკავებას ბაქოში, რასაც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს და გმობს კანონის დარღვევის ამ მძიმე აქტს“. რეზოლუცია საქართველოს „სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭირვალე და ეფექტური გამოძიების“ ჩატარებისკენ მოუწოდებს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან აფგან მუხთარლისთვის ბრალდებების მოხსნას და პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
27 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუხთარლის საქმეზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელების პირობა დადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)