თბილისი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის შესახებ იტყობინება

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწიეს, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.  

ქართული მედია იტყობინებოდა 4 ივლისს, რომ რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთში ახალი „საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი“ აღმართეს, რის შედეგადაც ადმინისტრაციულმა სასაზღვრო ზოლმა რამდენიმე ასეული მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოიწია. ადგილობრივმა მკვიდრმა, გია ხოდელმა, თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაწილი დაკარგა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ხოდელმა განმარტა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღმეში 700 მეტრით იქნა გადმოწეული და შედეგად  ის საკუთარი დამუშავებული მიწის 20 ჰექტარს ვეღარ გამოიყენებს.

4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა“. სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, რათა „აღნიშნული ქმედება ადეკვატური საერთაშორისო შეფასებისა და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს“.

„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დაადასტურა ეს ინფორმაცია 4 ივლისს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში და აღნიშნა, რომ „საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა“.

„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა და დასძინა, რომ „აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში“.

ანალოგიური გზავნილები ასევე გააჟღერა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელმაც „აღშფოთება“ გამოთქვა „ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას“.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია“, – განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე. „საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს და ქმნის რისკებს ამ მიმართულებით, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნა მან. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 4 ივლისს ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს , რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა , მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული კვირის განმავლობაში“.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად , რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა ბერშუეთის (გდულეთის) მახლობლად 2017 წლის 19 ივნისს   ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ (თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე)“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მიუხედავად ამისა , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია. საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით, ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს“, – აცხადებს მისია.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები

საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით კომენტარი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც გააკეთეს და ხელისუფლება ამ ფაქტის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.    

„დღეს საქართველოს მოქალაქეს გაიტაცებენ, მეორე დღეს ხუთასი მეტრით გადმოწევენ საზღვარს. იციან, რომ ამაზე ფაქტიურად არავითარი რეაქცია არ ექნება საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 2008-2012 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას „მწყობრი სტრატეგია“ უნდა ჰქონდეს რუსეთის ქმედებებთან დასაპირისპირებლად. „რუსეთს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევცლით, მაგრამ ამის აღმოფხვრა და ამის პრევენცია შეგვიძლია ბევრი, აქტიური, კონკრეტული ნაბიჯით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა მან.

2008 წლის აგვისტოს ომის და მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთის FSB-ს „მესაზღვრეებმა“, რომლებიც რეგიონში განთავსდნენ, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ  სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)