არასამთავრობოები ხელისუფლებას ‘ბორდერიზაციის’ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვენ
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, 6 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი აგრძელებს „საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვას“.
„აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება“.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, „დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციაში, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში“.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავს კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)