ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში თანამდებობას დატოვებს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა ევროკავშირის მხრიდან, აგვისტოს შუა რიცხვებში თანამდებობას დატოვებს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელჩი ჰერბერტ ზალბერი დატოვებს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, რომელზეც ის 2014 წლის ივლისიდან მსახურობს“, – განუცხადა სპეციალური წარმომადგენლის ოფისმა Civil.ge-ს 11 ივლისს.

ამავე ინფორმაციით, ელჩმა „საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს 20-21 ივნისს გამართულ ბოლო რაუნდზე აცნობა“; „რეგიონში მყოფ დანარჩენ კოლეგებსაც“ ეცნობათ მისი გადაწყვეტილების თაობაზე.

სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, ელჩი ზალბერი „აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, რის შემდეგაც იგი გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება“. „მისი შემცვლელი უახლოეს მომავალში დაინიშნება“, – დასძინა სპეციალური წარმომადგენლის ოფისმა.

ინფორმაცია ზალბერის შესაძლო გადადგომის შესახებ პირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გააჟღერა, რომელმაც 5 ივლისს განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აცნობა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, რომ თანამდებობის დატოვებას და ელჩად მუშაობას გეგმავდა.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ელჩმა ზალბერმა  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რასაც საქართველოს ოფიციალური პირების და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოყვა. 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის რეგიონში არსებული კონფლიქტების, მათ შორის საქართველოს კრიზისის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დახმარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)