NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო

საქართველო ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით“ უახლოვდება, მათ შორის „დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან ძლიერი მხარდაჭერით“, – განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 21 ივლისს თავის წინასაარჩევნო შეფასებაში.

შვიდწევრიანი დელეგაცია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და დემოკრატიის პროგრამებზე 1994 წლიდან მუშაობს, 17-21 ივლისს ქვეყნის ხელმძღვანელობას, მთავრობის წარმომადგენლებს, ფართო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელ კანდიდატებსა და პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

NDI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მიღწევებისა „წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს წააწყდა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი“.

„ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია; და რეფორმები, რომლის მიზანი ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით; და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით“.

დელეგაციას მიაჩნია, რომ ამგვარმა სხვაობამ შესაძლოა „გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი“.

დელეგაცია მომავალი საარჩევნო პროცესის რამდენიმე ძირითად გამოწვევას და შესაძლებლობას გამოყოფს, რომელთა შორისაა სამი „წინააღმდეგობრივი“ რეფორმის პროცესი, რომელიც არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს – დელეგაციას მხედველობაში აქვს საკონსტიტუციო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსის რეფორმირების პროცესი.

„ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება“, – განაცხადა დელეგაციამ და დასძინა, რომ „მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა – ერთი შეხედვით – პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“.

დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ NDI გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფებს აგვისტოში ჩამოიყვანს, რასაც არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაემატება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)